
ჩემი საკუთარი ფილოსოფია
• თუ კი რამ არის ჩემში კარგი და კეთილი, იმის წყალობაა, რომ ბაბუის მიერ წაკითხულ-ნაამბობი, კეთილი სურვილებითა და ლოცვით დამთავრებული ზღაპრებით გავიზარდე. მზრდიდა ძიძა, ვიზრდებოდი ლაღად, ბავშვური ნებივრობით. ჩემს ბავშვობაში ბევრი საინტერესო დღე და მშვენიერი წუთი მქონია, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც დღემდე მომყვება, ზაფხულის არდადეგებზე ბახმაროში გატარებული დღეებია. ვიზრედებოდი სუფთა, გამჭირვალე ჰაერზე. დილით ვუცქერდი მთიდან ამოგორებულ და საღამოს მთის გაღმა ჩამავალ მზეს, და ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა სიცოცხლე. თვალწინ მიდგას დედაჩემის მიერ შვილებისათვის მოწყობილი სათამაშო სახლი თავისი კარ-მიდამოთი. მე ყოველთვის დედა ვიყავი, თანაც მასწავლებლობანას ვთამაშობდი, დავსხამდი თოჯინებს და ვასწავლიდი.
• ამბობენ: ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო და მეც ბავშვობაში ნათამაშევი რეალობად მექცა, თამაში პროფესიის არჩევაში დამეხმარა. ჩავაბარე პედაგოგიურ ინსტიტუტში. ჩემს სტუდენტურ წლებს შეიძლება თამამად ვუწოდო ჩემი ცხოვრების ოქროს ხანა. ეს ის წლებია, როცა ბევრს ვკითხულობდი, ცაში დავფრინავდი, ღრუბლებზე დავაბიჯებდი, ყველაფერი მომწონდა და მახარებდა. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დღემდე ვმეგობრობთ თანაკურსელები, ვიხსენებთ სასიამოვნო თავგადასავლებს, საინტერესო ლექციებს. ცხოვრების ეს პერიოდი ყვავილებით მორთულ, მხიარულ გზას მაგონებს და ამ მოგონებებით ვსულდგმულობ დღემდე.
• ინსტიტუტიდან 125-ე სკოლაში გამანაწილეს. ეს სკოლა 1979 წელს აშენდა და გაიხსნა, ჩემი პედაგოგობაც ამ წელს დაიწყო, ყველანი ახალბედები ვიყავით: სკოლა, ჩემი პირველკლასელები და მეც. ამ სკოლის სასკოლო ცხოვრების პერიოდიც ლამაზ მოგონებად დამრჩა, აქ ბევრი სიხარული განვიცადე, ყველაზე დიდი სიხარული კი ორჯერ `წლის საუკეთესო მასწავლებლის” კონკურსის ლაურეატის წოდება გახლდათ. ცხოვრებამ შესაფერისი ადგილი მაპოვნინა და მიმაჩნია, რომ სასარგებლოდ გამომიყენა. პედაგოგობამ შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალება მომცა და როგორ შეიძლება, არ დავაფასო? სამწუხაროდ 125-ე სკოლა დაიშალა და მუშაობა 51-ე სკოლაში გავაგრძელე.
• დიდი მნიშვნელობა აქვს, დაწყებით კლასებში როგორ მოიზილება თიხა. პატარა ადამიანებს წინ ხომ დიდი ღუმელი ელით, რომლის სასტიკ ცეცხლში მორალური და სულიერი სტრესისგან მხოლოდ პიროვნული ღირსებები თუ გადაგარჩენს. სწორედ პიროვნული ღირსებების წარმოჩენაზე ვამახვილებ ყურადღებას. ჩემთვის მხოლოდ საგნის ცოდნა როდია მთავარი, არამედ მისი არსის გაცნობიერება, ბავშვის დამოკიდებულება წიგნში ჩაბუდებული განძისადმი. მართალია, ცეცხლი იმაზე მწველი და დაუნდობელი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე მე ვუსახავ პატარებს, გარემო უფრო უსახური, ვიდრე ჩემი მუდმივი მცდელობის შედეგად საზეიმო განწყობის შექმნა საკლასო ოთახში, სამყარო უფრო პირქუში, ვიდრე ჩემს მიერ მოწყობილი რომანტიკული სასკოლო სპექტაკლები, მაგრამ, როცა მე უკვე დაფრთიანებულს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის გონებაში მაინც ჩაიბეჭდა სურვილი უკეთესის შექმნისა, ბავშვობაში ნანახის თუ განცდილის განმეორებისა, რადგან, საბედნიეროდ, არ არსებობს ძალა და საშუალება, რომელიც შეძლებდა მეხსიერებიდან ამოშალოს ან გადააკეთოს ბავშური წლები, როგორც წითელი მელნით მოხაზული ცუდი ნიშანი. ბედნიერია ის ადამიანი, ვისთვისაც განგებას პედაგოგის პროფესია, ჯადოსნური ცარცის ჩხირი უბოძებია, რათა პატარა ადამიანების სიცოცხლე ზღაპრულად მოხატოს.
• დღეს ნიჭიერი, ზღვა ინფორმაციით დატვირთული, გონიერი თაობა მოდის ამიტომ ვერ იქნები კარგი მასწავლებელი, თუ არ ხარ შემოქმედი, მსახიობი, ნოვატორი, მაძიებელი. ამიტომ მხოლოდ პროგრამული მასალით ვერ შემოვიფარგლები. რაც დრო გადის, თანდათან ვრწმუნდები, რომ სახელმძღვანელოებისა და პროგრამების ჩარჩოებში მტკიცედ მოქცეული მშრალი გაკვეთილები ბავშვებს არ აინტერესებთ, მათ უჭირთ დიდი ხნით ყურადღების მობილიზება, რაღაც სხვა გზას ვეძებ, რომ ისინი ჩემში იმ ადამიანს კი არ ხედავდნენ, რომელიც მხოლოდ ცოდნას ითხოვს და ნიშნებს წერს, არამედ მეგობარსაც. ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას კი ახალი მიდგომა სჭირდება. საგნისა და მისი სწავლების მეთოდიკის ღრმა ცოდნასთან ერთად მეტი გულისხმიერება, ტაქტი მმართებს მოსწავლეებთან ურთიერთობაში. მოსწავლეს ჩემი უნდა სჯეროდეს მაშინაც კი, როცა მას ვტუქსავ, ვუწყრები. ერთი სიტყვით, მინდა, რომ ჩემს აღსასრდელებს სწამდეს, მე მისი უფროსი მეგობარი ვარ, ნდობას ვუცხადებ და პატივს ვცემ.
• ბავშვობაში ჭორფლიანი გოგონა ვიყავი. ხშირად მონაწილეობას მაღებინებდნენ სხვადასხვა სასკოლო სპექტაკლებში. ვიყავი `კონკია”, `ყინულის დედოფალი”, `ფერია”, `ზოია კოსმოდემიანსკაია” და სხვა. მახსოვს ზოია კოსმოდემიანსკაიას როლის შესრულების დროს ჩემს პარტნიორ ჯალათს არ მოვწონდი. ჯალათი იყო ჩემი პარალელური კლასელი კინო რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი. ლევანი სულ ბუზღუნებდა, მე ირინასთან არ ვითამაშებო. ისეთი გადაჭარბებული სიძლიერით მაგდებდა ხოლმე იატაკზე, რომ მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. გაწამებული სახის გამო სპექტაკლი ყოველთვის ეფექტური და წარმატებული გამოდიოდა. თეატრი, ხელოვნების ეს დარგი, ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა მეტად.
• ცხოვრება განუწყევტლივ წინ მიდის. რადგან იგი ყველაფერს ცვლის ჩვენს გარშემო, რადგან ბავშვები ყოველწლიურად იცვლებიან, მეც არა მაქვს უმოძრაობის უფლება, უცვლელად ყოფნის უფლება. პირიქით მოვალე ვარ, გადავხედო ხვალინდელ დღეს, შევუქმნა ბავშვს შინაარსიანი ცხოვრება და ისიც ხალისიანად წამოვა სკოლაში. ცხოვრება ადამიანისა კეთილ საქმეთა ჯამია. ეს თუ ასეა, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში არ უნდა იყოს წამი, რომელიც ამაოდ დაიხარჯება, ცხოვრება ჩვენი მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ როგორ უნდა მოიხმაროს კაცმა დრო სიცოცხლისათვის განკუთვნილი.
51-ე სკოლა
2010 წელი.
No comments:
Post a Comment